სასტუმროს IT სისტემების ბექაპირება
უსაფრთხოება

სასტუმროს IT სისტემების სწორი ბექაპირება

ITConnect 28 თებერვალი 2026 10 წთ
GE EN

შესავალი

როგორც სასტუმროს დირექტორი ან მფლობელი, თქვენ კარგად იცით, რომ თქვენი ბიზნესი დღე-ღამის რეჟიმში მუშაობს. დაჯავშნის სისტემა, ბუღალტერია, სტუმართა მონაცემები, რესტორნის გაყიდვები, კარის ბარათების სისტემა, კამერები — ეს ყველაფერი ციფრულ მონაცემებზეა დამყარებული. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დილას მოხვალთ სამსახურში და ყველაფერი გაქრა: ჯავშნები, ფინანსური ისტორია, სტუმართა ინფორმაცია. რეცეფციონისტი ვერ ხედავს, ვინ ჩამოდის დღეს. ბუღალტერი ვერ ამზადებს ანგარიშგებას. სტუმრების ბარათები არ მუშაობს. ეს არ არის ფანტასტიკა — ეს რეალობაა, რომელსაც ბექაპის გარეშე ნებისმიერი სასტუმრო შეიძლება წააწყდეს.

ბექაპის გარეშე მუშაობა იგივეა, რაც სადაზღვევო პოლისის გარეშე მანქანის ტარება — სანამ ავარია არ მოხდა, ყველაფერი კარგად ჩანს. ჩვენი პრაქტიკიდან კარგად ვიცით, რომ ეს საფრთხე რეალურია. ჩვენ დავეხმარეთ რამდენიმე სასტუმროს ფაილების აღდგენაში, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა დახმარება ვერ შევძელით — უკვე გვიანი იყო.

სასტუმროებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკი IT კადრების ხშირი ცვლილებაა. ახალმა სპეციალისტმა შეიძლება შეცდომით გადააწეროს კონფიგურაცია, დააზიანოს მონაცემთა ბაზა ან სისტემის განახლების დროს დაკარგოს კრიტიკული ფაილები. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროგრამის თავიდან დანერგვის აუცილებლობა, რაც ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ათეული ათასი ლარის ხარჯთანაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ბექაპი თქვენი IT გუნდის „დაზღვევაა" — არა მხოლოდ ჰაკერების წინააღმდეგ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანური შეცდომებისგანაც.

ტექნიკური გაუმართაობა, თანამშრომლის შეცდომა, ელექტროენერგიის გათიშვა, ხანძარი ან წყალდიდობა — ეს ყველაფერი რეალური საფრთხეა. ამიტომ ბექაპირების სერვისის აუთსორსზე გატანა ან თქვენი IT გუნდის პერიოდული ჩექ-ლისტებით გადაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია. დააყენეთ ავტომატური შეტყობინებები ყოველ ბექაპზე — თუ ბექაპი ჩავარდება, მაშინვე უნდა იცოდეთ, რომ დროული რეაგირება მოხდეს. სასურველია, რომ პროგრამების ბაზები და აპლიკაციები ცალკე სერვერზე ბექაპირდებოდეს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სრული სერვერის ბექაპზე.

ბექაპი არ არის IT დეპარტამენტის შიდა საქმე — ეს არის ბიზნესის უწყვეტობის საკითხი, რომელზეც პასუხისმგებლობა საბოლოოდ დირექტორს ეკისრება. ამ სტატიაში მარტივ ენაზე აგიხსნით, რა უნდა იცოდეთ ბექაპის შესახებ, რა შეკითხვები დაუსვათ თქვენს IT გუნდს და რა გადაწყვეტილებები მიიღოთ.

როგორც დირექტორმა, თქვენ არ გჭირდებათ ტექნიკური დეტალების ცოდნა, მაგრამ გჭირდებათ სწორი კითხვების დასმა. ეს ხუთი კითხვა შეიძლება თქვენი ბიზნესის გადამრჩენი აღმოჩნდეს:

  1. სად ინახება ჩვენი ბექაპი? იმავე სერვერზე?
  2. როდის გაკეთდა ბოლო ბექაპი?
  3. თუ ეხლა ყველაფერი დაიკარგება, რამდენ ხანში აღვადგენთ?
  4. ბექაპი ოდესმე შეგიმოწმებიათ, ნამდვილად მუშაობს?
  5. რა მოხდება თუ სერვერი მოიპარეს ან ხანძარი გაჩნდა — ბექაპი გარეთ არის?

ბექაპის ტიპები

ბექაპი, მარტივად რომ ვთქვათ, არის თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლი. მაგრამ ასლის გაკეთების რამდენიმე მიდგომა არსებობს, და თითოეულს თავისი ლოგიკა, დრო და ღირებულება აქვს. არ არის აუცილებელი ტექნიკური დეტალების ცოდნა, მაგრამ პრინციპის გაგება დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

სრული ბექაპი (Full Backup)

ეს არის ყველაფრის სრული ასლი — თქვენი დაჯავშნის სისტემა, ფინანსური ჩანაწერები, სტუმართა ისტორია, ყველა დოკუმენტი, ყველა პარამეტრი. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ოფისის შიგთავსის ზუსტ ასლს აკეთებთ და სხვა ადგილას ინახავთ. ეს ყველაზე საიმედო მეთოდია, რადგან პრობლემის შემთხვევაში ყველაფერი ერთ ადგილას არის და სწრაფად აღდგება. ნაკლი ისაა, რომ დიდ დროსა და ადგილს მოითხოვს — ამიტომ ყოველდღე კეთება არაპრაქტიკულია. ჩვეულებრივ, კვირაში ერთხელ კეთდება, ღამით, როცა სასტუმრო ყველაზე ნაკლებად დატვირთულია.

ყოველდღიური ცვლილებების შენახვა

ყოველდღიური ცვლილებების შენახვა — სწრაფია და მცირე ადგილი ჭირდება. სრული ბექაპის შემდეგ, ყოველდღე მხოლოდ ის ინახება, რაც შეიცვალა: ახალი ჯავშნები, ახალი ანგარიშ-ფაქტურები, ახალი სტუმრების მონაცემები. თუ კვირაში სრულ ასლს აკეთებთ, ხოლო ყოველ დღე მხოლოდ ცვლილებებს ინახავთ — ეს ოპტიმალური ბალანსია სისრულესა და ეფექტურობას შორის. ბიზნესის ენაზე ეს ნიშნავს: მინიმალური ხარჯი მაქსიმალური დაცვით.

კუმულაციური ბექაპი

არსებობს შუალედური ვარიანტიც — ყოველდღიური ბექაპი, რომელიც ინახავს ყველა ცვლილებას ბოლო სრული ბექაპის შემდეგ. აღდგენა უფრო მარტივია, რადგან მხოლოდ ორი ნაწილი გჭირდებათ: კვირის სრული ასლი და ბოლო დღის ცვლილებები. ცოტა მეტ ადგილს იკავებს, მაგრამ კრიზისის დროს დროს ზოგავს.

რატომ უნდა გაინტერესებდეთ ეს, როგორც დირექტორს? რადგან ბექაპის ტიპი პირდაპირ განსაზღვრავს, რამდენ ხანში აღდგება თქვენი სასტუმრო კრიზისის შემდეგ — და ყოველი საათი უმოქმედობის 1,000-5,000 ლარი შეიძლება დაგიჯდეთ.

მონაცემთა ცენტრი
მონაცემთა სათანადო დაცვა

სად შევინახოთ ბექაპები

ბექაპის შექმნა ნახევარი საქმეა — მეორე ნახევარი მისი სწორად შენახვაა. სად ინახება ბექაპი, განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად აღდგება სისტემა და რამდენად დაცულია ის კატასტროფისგან. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის რისკებზე.

ადგილზე, სასტუმროში

ბექაპის ადგილზე შენახვა (ცალკე მოწყობილობაზე, იმავე შენობაში) ყველაზე სწრაფ აღდგენას იძლევა. თუ სერვერი გაფუჭდა ან პროგრამული შეცდომა მოხდა, თქვენი IT სპეციალისტი წუთებში აღადგენს სისტემას ადგილობრივი ასლიდან — სტუმრები ვერც კი შეამჩნევენ. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ" არსებობს: თუ ხანძარი გაჩნდა, წყალმა დაიტბორა სერვერული, ან ქურდობა მოხდა — ორივე, ორიგინალიც და ბექაპიც, ერთად დაიკარგება. ამიტომ მხოლოდ ადგილზე შენახვა საკმარისი არ არის.

ღრუბლოვანი საცავი (ქლაუდი)

ღრუბლოვანი საცავი ნიშნავს, რომ თქვენი მონაცემების ასლი ფიზიკურად სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაშია შენახული. სასტუმროში რაც არ უნდა მოხდეს — ხანძარი, მიწისძვრა, ქურდობა — თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ არის დაცული. ნაკლი ისაა, რომ აღდგენას მეტი დრო სჭირდება, რადგან ინტერნეტით ხდება ჩამოტვირთვა. საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე ყოველთვის არ არის სტაბილური, ამიტომ დიდი მოცულობის აღდგენა შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელდეს.

ჰიბრიდული მიდგომა — საუკეთესო არჩევანი

გონივრული მიდგომა ორივეს კომბინაციაა: ერთი ასლი ადგილზე, სწრაფი აღდგენისთვის, მეორე — ქლაუდში, კატასტროფისგან დაცვისთვის. ბიზნესის ენაზე ეს ნიშნავს: ჩვეულებრივი ტექნიკური პრობლემის დროს სასტუმრო წუთებში განაგრძობს მუშაობას, ხოლო ყველაზე უარეს სცენარშიც კი (შენობის დაზიანება, კიბერშეტევა) — მონაცემები არ იკარგება და ბიზნესი რამდენიმე საათში აღდგება. ეს არის სხვაობა რამდენიმე საათის შეფერხებასა და თვეების ზარალს შორის.

ბექაპის საუკეთესო პრაქტიკები

არსებობს რამდენიმე დადასტურებული პრინციპი, რომელთა დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს მონაცემთა დაკარგვის რისკს. ეს პრინციპები მარტივია გასაგებად და თქვენს IT გუნდს შეგიძლიათ ჰკითხოთ — იცავთ თუ არა ამ სტანდარტებს?

სამი ასლი, ორ სხვადასხვა ადგილას, ერთი — ოფისის გარეთ

ეს არის ბექაპის ოქროს სტანდარტი, რომელსაც ინდუსტრიაში ყველა აღიარებს. პრინციპი მარტივია:

დაუსვით ეს შეკითხვა თქვენს IT გუნდს: „ჩვენი მონაცემების რამდენი ასლი არსებობს და სად ინახება?" — თუ პასუხი არ არის „მინიმუმ სამი, ორ სხვადასხვა ადგილას", ეს სერიოზული რისკია თქვენი ბიზნესისთვის.

ბექაპის გამიჯვნა მთავარი სისტემისგან

ეს პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერშეტევებისგან დაცვისთვის. წარმოიდგინეთ: ჰაკერმა შეაღწია თქვენს ქსელში. თუ ბექაპი იმავე ქსელშია, რაშიც სასტუმროს მთავარი სისტემები — ჰაკერი ბექაპსაც მიაღწევს. თუ ransomware-მა დაშიფრა თქვენი მონაცემები და ბექაპი იმავე სერვერზეა — ყველაფერი დაიკარგა. ამიტომ ბექაპი ცალკე, დაცულ „ზონაში" უნდა იყოს — ისე, რომ მთავარ სისტემაზე თავდასხმა ავტომატურად არ ნიშნავდეს ბექაპის დაკარგვას.

ბიზნესის ენაზე: ეს იგივეა, რომ სეიფის გასაღები და სეიფი ერთ ადგილას არ უნდა იყოს. თქვენს IT გუნდს შეუძლია ეს ტექნიკურად მოაწყოს — თქვენ მხოლოდ ის უნდა იცოდეთ, რომ ეს პრინციპი აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა სადაზღვევო კომპანიამ მთლიანი კლიენტთა ბაზა, პოლისების ისტორია და ფინანსური ანგარიშგება დაკარგა. ბექაპი იმავე სერვერზე ინახებოდა. როცა ransomware-მ სერვერი დაშიფრა, ბექაპიც მასთან ერთად წავიდა. ზარალი ასეულ ათას ლარებში ითვლებოდა.

ავტომატიზაცია — ადამიანური შეცდომის აღმოფხვრა

თუ თქვენი ბექაპი იმაზეა დამოკიდებული, რომ ვინმე დაიმახსოვრებს, ღილაკს დააჭერს და დრო მოიცლის — ეს არ არის ბექაპი, ეს არის სურვილისმეტყველება. ადამიანი ავიწყდება, ადამიანი ავადდება, ადამიანი შვებულებაში მიდის. ბექაპის პროცესი სრულად ავტომატიზირებული უნდა იყოს — კომპიუტერი თვითონ, განრიგის მიხედვით, ყოველ ღამე აკეთებს ასლს, და თუ რაიმე არ გამოვიდა, ავტომატურად აგზავნის შეტყობინებას.

ბაზარზე არსებობს სანდო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამას ავტომატურად აკეთებს. თქვენს IT გუნდს ან IT პროვაიდერს შეუძლია შეარჩიოს და დანერგოს შესაფერისი გადაწყვეტა:

ოფლაინ ბექაპები

აქამდე ვისაუბრეთ ბექაპებზე, რომლებიც ქსელთან ან ინტერნეტთანაა დაკავშირებული. მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი: თუ მოწყობილობა ქსელთანაა დაკავშირებული, კიბერკრიმინალს თეორიულად შეუძლია მიაღწიოს მას. ამიტომ ოფლაინ ბექაპები — ანუ ფიზიკურად გათიშული ასლები — განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

გარე დისკები

უმარტივესი და ყველაზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტა არის გარე დისკების გამოყენება. პრინციპი მარტივია: გყავთ ორი გარე დისკი. ერთი სასტუმროშია — მასზე ბექაპი კეთდება. მეორე სახლში ან სეიფში ინახება. ყოველ კვირას ადგილს იცვლიან. ასე ყოველთვის გაქვთ ერთი ასლი, რომელიც ფიზიკურად სასტუმროს გარეთაა. ეს მარტივი როტაცია შეიძლება ათასობით ლარის ზარალს აგარიდებთ.

ქსელიდან გათიშული ბექაპი

ბექაპი, რომელიც ფიზიკურად გათიშულია ქსელიდან — ვირუსი ვერ მიაღწევს. ეს არის ბოლო თავდაცვის ხაზი და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი თანამედროვე ბიზნესის დაცვაში. არანაირი ქსელი, არანაირი WiFi, არანაირი კავშირი — სრული იზოლაცია. დისკი, რომელიც თაროზე დევს გამორთული, ვერანაირი კიბერშეტევის სამიზნე ვერ გახდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგან თანამედროვე კიბერკრიმინალები სპეციალურად ეძებენ და ანადგურებენ ბექაპებს, სანამ გამოსასყიდს მოითხოვენ. თუ თქვენი ერთადერთი ბექაპი ქსელშია — ჰაკერი მასაც დაშიფრავს, და თქვენ წინაშე ორი არჩევანი დარჩება: გადაიხადოთ გამოსასყიდი ან დაკარგოთ ყველაფერი.

რეალური შემთხვევა ჩვენი პრაქტიკიდან: ერთ-ერთ სასტუმროს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, ransomware შეტევა განუხორციელეს. ბექაპი ქსელში იყო მიერთებული და ისიც დაიშიფრა. საბედნიეროდ, გარე დისკზე შექმნილი ოფლაინ ასლი უსაფრთხოდ იყო სეიფში — სისტემა რამდენიმე საათში აღვადგინეთ.

კიბერკრიმინალები სულ უფრო მოთმინები ხდებიან. ისინი კვირების ან თვეების განმავლობაში ჩუმად სწავლობენ თქვენს სისტემას, პოულობენ ბექაპებს, და მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ შეტევას, როცა ბექაპებზე წვდომაც უკვე აქვთ. ერთადერთი, რასაც ვერ მიაღწევენ — ის დისკია, რომელიც გათიშულია და სეიფში დევს. ეს პატარა ინვესტიცია შეიძლება თქვენი ბიზნესის გადამრჩენელი აღმოჩნდეს.

სერვერული ოთახი
ბექაპ სერვერის იზოლირება

უსაფრთხოების საკითხები

ბექაპის არსებობა თავისთავად საკმარისი არ არის — თავად ბექაპიც უნდა იყოს დაცული. დაუცველი ბექაპი იგივეა, რომ სასტუმროს სეიფის კოდი კარზე გაგეკრათ: მონაცემები ხელმისაწვდომია, მაგრამ ვისთვისაც არ უნდა — მათთვისაც.

კიბერშეტევებისგან დაცვა

თანამედროვე კიბერკრიმინალებმა კარგად იციან: თუ სასტუმროს ბექაპი აქვს, გამოსასყიდს არ გადაიხდის. ამიტომ პირველი, რასაც აკეთებენ — ბექაპების განადგურებაა. ამ საფრთხისგან დაცვის რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა შესახებ თქვენს IT გუნდთან უნდა ისაუბროთ:

ბექაპის დაშიფვრა — სტუმრების მონაცემების დაცვა

თქვენი ბექაპი შეიცავს ყველაფერს: სტუმრების პასპორტის მონაცემებს, საკრედიტო ბარათის ინფორმაციას, ფინანსურ ჩანაწერებს. თუ ეს ბექაპი მოიპარეს — ფიზიკურად (გარე დისკი) ან ციფრულად (ქლაუდზე წვდომა) — და ის დაშიფრული არ არის, ყველა ეს მონაცემი ხელმისაწვდომი ხდება. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური პრობლემა — ეს იურიდიული პასუხისმგებლობაა. პერსონალური მონაცემების გაჟონვა შეიძლება ჯარიმებით, სასამართლო დავებით და რეპუტაციის შეუქცევადი დაზიანებით დასრულდეს.

თანამედროვე ბექაპ პროგრამები ავტომატურად შიფრავენ მონაცემებს — თქვენს IT გუნდს მხოლოდ ამ ფუნქციის ჩართვა ევალება. მნიშვნელოვანია, რომ დაშიფვრის გასაღები (ერთგვარი „კოდი", რომელიც ბექაპს ხსნის) ცალკე და უსაფრთხოდ ინახებოდეს.

ჰკითხეთ თქვენს IT გუნდს: „ჩვენი ბექაპები დაშიფრულია? სად ინახება დაშიფვრის გასაღები?" — თუ პასუხი არ არის მკაფიო, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სტუმრების მონაცემები რისკის ქვეშაა.

აღდგენის ტესტირება

წარმოიდგინეთ, ხანძრის ჩასაქრობი არ მუშაობს ხანძრის დროს — ბექაპიც ასე უნდა შემოწმდეს რეგულარულად. ბექაპის არსებობა არ ნიშნავს, რომ ის მუშაობს. სტატისტიკა შემაშფოთებელია: ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ კატასტროფის დროს აღმოაჩენს, რომ მათი ბექაპი დაზიანებულია ან აღდგენა ვერ ხერხდება.

ეს არ არის თეორიული სცენარი. ერთ-ერთ სასტუმროს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, კიბერშეტევამ გათიშა სისტემა. IT სპეციალისტი ბექაპიდან აღდგენას იწყებს და აღმოაჩენს, რომ ბოლო სამი თვის ბექაპები გაფუჭებულია, რადგან არავის შეუმოწმებია. სასტუმრო სრულად გაჩერებულია — ჯავშნები დაკარგულია, სტუმრებს ვერ ემსახურებით, ფინანსური ჩანაწერები აღარ არსებობს. ეს კოშმარული სცენარი თავიდან აიცილება ერთი მარტივი პრაქტიკით — რეგულარული შემოწმებით.

რა უნდა მოითხოვოთ თქვენი IT გუნდისგან:

  1. კვარტალური სრული შემოწმება — სამ თვეში ერთხელ IT გუნდმა უნდა სცადოს სრული სისტემის აღდგენა ბექაპიდან (საცდელ გარემოში, არა რეალურ სისტემაზე). შედეგის ანგარიში თქვენს მაგიდაზე უნდა მოხვდეს.
  2. ყოველთვიური შერჩევითი შემოწმება — თვეში ერთხელ შემთხვევითი ფაილების, ჯავშნების ისტორიის ან ფინანსური ჩანაწერების აღდგენა, რომ დარწმუნდეთ — ბექაპი მუშაობს.
  3. აღდგენის დროის ცოდნა — თქვენ, როგორც დირექტორს, უნდა იცოდეთ: კრიზისის შემთხვევაში რამდენი საათი სჭირდება სისტემის სრულ აღდგენას? 2 საათი? 8 საათი? 24 საათი? ეს პირდაპირ განსაზღვრავს თქვენი ფინანსური ზარალის მოცულობას.
  4. აღდგენის ინსტრუქცია — უნდა არსებობდეს წერილობითი ინსტრუქცია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს, როგორ აღდგეს სისტემა. თუ თქვენი ერთადერთი IT სპეციალისტი მიუწვდომელია კრიზისის მომენტში — სხვამაც უნდა შეძლოს ამ ინსტრუქციით მუშაობა.

ბექაპი, რომელიც არ შემოწმებულა, არ არის ბექაპი — ეს არის იმედი. იმედზე კი ბიზნესი არ იშენება. მოითხოვეთ კვარტალური ანგარიში ბექაპის მდგომარეობისა და აღდგენის ტესტირების შესახებ — ეს თქვენი, როგორც დირექტორის, პასუხისმგებლობაა.

დასკვნა

ბექაპი არ არის IT დეპარტამენტის ტექნიკური საკითხი — ეს არის ბიზნესის დაზღვევა. ისევე, როგორც სადაზღვევო პოლისს არ ყიდულობთ ავარიის შემდეგ, ბექაპის სისტემა წინასწარ უნდა იყოს მოწყობილი, შემოწმებული და საიმედო. თქვენ, როგორც დირექტორს ან მფლობელს, არ გჭირდებათ ტექნიკური დეტალების ცოდნა — გჭირდებათ სწორი კითხვების დასმა და პასუხისმგებელი გადაწყვეტილებების მიღება.

აი, რა უნდა მოითხოვოთ და შეამოწმოთ:

თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდათ შეკითხვები ან გსურთ თქვენი სასტუმროს ბექაპ სისტემის პროფესიონალური შეფასება, ITConnect-ის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ. ჩვენ მარტივ ენაზე აგიხსნით, სად ხართ ახლა, რა რისკები გაქვთ და რა ნაბიჯები გჭირდებათ — თქვენი სასტუმროს ზომიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე.

დაგვიკავშირდით ბექაპ აუდიტისთვის →

გაზიარება

მსგავსი სტატიები

სერვერის შერჩევა სასტუმროსთვის
ინფრასტრუქტურა

როგორ შევარჩიოთ სერვერი სასტუმროს გახსნისას

სერვერის შერჩევა სასტუმროსთვის მოითხოვს სისტემების, ინფრასტრუქტურის და ფიზიკური გარემოს ზუსტ დაგეგმვას.

15 იანვარი 2026 12 წთ